საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამეცნიერო კვლევა

 

უკანასკნელი წლების განმავლობაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 1,5%-ში შედის.  U.S.News&World Report-ის 2020 წლის რანჟირებაში თსუ 322-ე ადგილს იკავებს. 

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება 200-ზე მეტი კვლევითი პროექტი;
  • Scopus-ის მონაცემებით 2015-2019 წლებში გამოქვეყნდა 2500-ზე მეტი პუბლიკაცია; 
  • ყოველწლიურად ქვეყნდება 500-ზე მეტი სტატია მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში;
  • ერთობლივი პუბლიკაციები გამოქვეყნებულია 150-ზე მე საერთაშორისო პარტნიორთან ერთად (Scopus)

 

აღნიშნული რეიტინგების მიღწევაში თავისი (მოკრძალებული) წვლილი შეაქვს მედიცინის ფაკულტეტსაც, ძირითადად საერთაშორისო სტუდენტური კონტიგენტის ყოლითა და რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული ნაშრომებით.

 

სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესების ბერკეტის თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს განახლებული დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტი, რომელიც დისერტაციის დაცვის აუცილებელ პირობად ითვალისწინებს სამეცნიერო პუბლიკაციების ისეთ საერთაშორისო ჟურნალებში ან საკონფერენციო მასალებში გამოქვეყნებას, რომლებსაც მინიჭებული აქვთ ISSN კოდი და ჰყავთ საერთაშორისო სარედაქციო საბჭო (ან სამეცნიერო კომიტეტი), რომლებიც ვრცელდება საერთაშორისო მასშტაბით და მოწოდებულია ღია საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ამასთანავე, ერთ-ერთი პუბლიკაცია მაინც უნდა იყოს დაბეჭდილი ისეთ საერთაშორისო ჟურნალში (ან საკონფერენციო მასალებში), რომელიც ინდექსირებულია Scopus-ის, Web of Science-ის, ან ERIH PLUS-ის ბაზებში.

 

ფაკულტეტზე ჩატარდა კვლევა, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტთა მიერ 2008-2017 წლებში გამოქვეყნებულ ნაშრომთა ისეთ რეიტინგულ სამეცნიერო ბაზებში, როგორიცაა Scopus, PubMed and Web of Science ასახვის ანალიზის მიზნით. 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით Scopus-ს სამეცნიერო ლიტერატურულ ბაზაში იძებნება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით გამოქვეყნებული 233 სტატია 791 ციტირებით, PubMed-ში - 512 ნაშრომი (ციტირება არ ისაზღვრება), ხოლო Web of Science-ში 95 ნაშრომი, საერთო ციტირებით 536. 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით თსუ მედიცინის ფაკულტეტზე დისერტაცია დაიცვა 70 დოქტორანტმა. სამივე დასახელებულ ბაზაში იძებნება 66 დოქტორანტის ნაშრომები. ამასთანავე, Scopus -ში იძებნება 136 ნაშრომი 164 ციტირებით, PubMed-ში - 134 ნაშრომი (ციტირება არ ისაზღვრება), ხოლო Web of Science-ში 121 ნაშრომი 107 ციტირებით.

 

შედეგების გაანალიზება უჩვენებს, რომ დოქტორანტთა კვლევა წარმოადგენს მნიშვნელოვან „დრაივს“ უნივერსიტეტში მიმდინარე სამედიცინო სფეროს კვლევებისათვის. ამასთანავე, როგორც ნაშრომთა, ისე მათი ციტირებათა რიცხვი მოკრძალებულია, თუმცა აღინიშნება ზრდის ტენდენცია (მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველო მედიცინის დარგში 1996-2016 წლებში გამოქვეყნებული იმ ნაშრომების რაოდენობით, რომლებიც ინდექსირებულია სკოპუსში, იკავებს 101-ე ადგილს. ამასთნავე, 2015 წლის მონაცემებით 95-ე, ხოლო 2016 წლის მონაცემებით მე-80-ე ადგილს).